საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ექსპორტი 2011 წელს არსებულ მაჩვენებელზე ნაკლებია

AP Photo

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტის სახით $1.7 მილიარდის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც არა მარტო გასულ წელთან, არამედ 2011 წელთან შედარებითაც ნაკლებია. 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი $1735 იყო, რაც 2016 წელთან შედარებით 1.9%-ით მეტია.

წელსვე იმპორტიც შემცირდა, 2016 წლის ათ თვეში, იმპორტის სახით საქართველოში $5.8 მილიარდის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა (გრანტით მიღებული C ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე), რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი მიზეზია. პრემიერმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება - "პრინციპში, დადებითი პროცესით არის განპირობებული. მოხმარება არის გაზრდილი, ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასებია დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის". პრემიერი ასევე ამბობს, რომ მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად კურსის გამყარებისთვის გარკვეულ რეგულაციებზე მუშაობს. მას აღარ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის რეგულაციებზეა საუბარი, თუმცა ეს შეიძლება სამომხმარებლო სესხების შეზღუდვაც იყოს, რაც ამ კატეგორიის სესხების რაოდენობას შეამცირებს. პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს ამ საკითხზე კომენტარი არც დღეს, USAID-ის ორგანიზებით გამართულ "გლობალური მეწარმეობის კვირეულზე" გაუკეთებიათ.  

იმპორტის 2%-იანი შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რის გამოც მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტულ პროდუქციას ყიდულობს. საქსტატის ცხრა თვის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში შემოსული საკვებისა და სასმელების იმპორტი 19.4%-ითაა შემცირებული. 

იმ პირობებში, თუ იმპორტი კიდევ უფრო მეტად, საკანონმდებლო რეგულაციით შემცირდება, ამას შესაძლოა ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

კომენტარები