აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "შესაძლებელია", რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი გახანგრძლივდეს.
"ეს შესაძლებელია. ეს კარგი იქნებოდა. ვისურვებდი, რომ ვიხილო მისი დასასრული, რუსეთ-უკრაინის [ომის]. ეს ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი რამ არის. 25 000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება ყოველ თვე. სიგიჟეა". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "ისურვებდა", რომ ზავის "დიდი გახანგრძლივება" იხილოს.
"დროის მცირე მონაკვეთი გვაქვს, როდესაც ხალხს არ დახოცავენ. ეს ძალიან კარგია. ასევე დათანხმდნენ, რომ ორივე მხარემ 1 000-1 000 ტყვე დააბრუნონ. ასე რომ, ორივე მხარე თითქმის დაუყოვნებლივ 1 000 ტყვეს აბრუნებს. ეს ძალიან კარგია. [...] ვისურვებდი, რომ დიდი გახანგრძლივება ვიხილო". - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა და განმარტა, რომ დროებითი ზავი მოიცავს "ყოველგვარი კინეტიკური მოქმედებების შეწყვეტასა და ასევე თითოეული ქვეყნის მხრიდან 1 000 პატიმრის გაცვლას."
ტრამპის განცხადების შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინისთვის "წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება". ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელშიც მან კრემლს 9 მაისს მოსკოვში აღლუმის გამართვის ნება დართო.
თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, 9 მაისის ღამით რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა.
8 მაისის დადგომასთან ერთად ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამოაცხადა. თუმცა მცირე ხნის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ მოსკოვისკენ მიმავალი 13 დრონი ჩამოაგდეს.
4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი "გამარჯვების დღის აღნიშვნის პატივსაცემად". იმუქრებოდნენ, რომ ამ გამარჯვების დღის აღნიშვნის "ჩაშლის მცდელობის" შემთხვევაში რუსეთი კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან "სიმშვიდის რეჟიმი" გამოაცხადა. 6 მაისის დადგომიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.




