სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 7 მაისს რეპორტიორებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხში ერევანი რუსეთის მოკავშირე არ არის და ასევე დაადასტურა, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება.
"რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს – ამ საკითხზე წარსულში განცხადებები მაქვს გაკეთებული. ჩვენ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნეთ და მე ნათქვამი მაქვს, რომ უკრაინის საკითხში ჩვენ რუსეთის მოკავშირეები არ ვართ" – განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო და 4 მაისს ფაშინიანსაც შეხვდა, რაც ბოლო 24 წლის განმავლობაში სომხეთში უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო.
თავის მხრივ, კრემლმა ერევანში ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა და საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი დაიბარა.
რეპორტიორებთან საუბრისას ფაშინიანმა განმარტა, რომ 9 მაისის აღლუმს სომხეთის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის გამო არ დაესწრება.
რუსეთმა განაცხადა, რომ "არსებული ოპერატიული ვითარების გამო" ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს, რაც ყოველ წელს ტრადიციულად მისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა.
რუსეთმა ღონისძიების ჩასატარებლად ცალმხრივად ზავი გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ თუკი 9 მაისის აღლუმი "ჩაიშლება," რუსეთი ცენტრალური კიევის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს წამოიწყებს.





