ივანიშვილის მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში ცვლილება შეიტანა.
კერძოდ, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.
ასევე, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეუწყდება ოჯახის გარდაცვლილ წევრს, აგრეთვე ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება შემდეგი სტატუსი:
- ბ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
- ბ.ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
- ბ.გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
- ბ.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
- ბ.ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
- ბ.ვ) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;
სხვა შემთხვევებში, 2026 წლის განმავლობაში სააგენტომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების (მათ შორის, იმ ოჯახების, რომლებზეც გავრცელდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული ადმინისტრირების ნორმები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გადაამოწმოს.
2026 წლის თებერვალში ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ "სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას". მისი მტკიცებით, პირველადი ანალიზით, "შემწეობის მიმღებთა 8% არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია".
ორ დღეში, ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების "აქტიურ პროცესს" იწყებს. მისი თქმით, ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა "შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში".
სარჯველაძის მტკიცებით, ამის გამო "იქმნებოდა ნიადაგი რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად". მისი შეფასებით, "დროა, წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს".





