საგარეო ვაჭრობა

ოქტომბერში ექსპორტი 0.7%-ით, იმპორტი კი 6.2%-ით გაიზარდა

independent.co.uk

საქსტატმა 2016 წლის ათი თვის ექსპორტის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ექსპორტი $189 მილიონი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.7%-ით მეტია. ოქტომბერში იმპორტი $654 მილიონი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 6.2%-ით მეტია. 

2016 წლის ათი თვის მანძილზე კი ექსპორტი $1.7 მილიარდია, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. იმპორტი კი $5.8 მილიარდია (გრანტით მიღებული C ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე), რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. ამ მაჩვენებლით წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2011 წელს არსებულ დონემდე შემცირდა. 

იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი მიზეზია. პრემიერმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება - "პრინციპში, დადებითი პროცესით არის განპირობებული. მოხმარება არის გაზრდილი, ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასებია დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის". პრემიერი ასევე ამბობს, რომ მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად კურსის გამყარებისთვის გარკვეულ რეგულაციებზე მუშაობს. მას აღარ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის რეგულაციებზეა საუბარი, თუმცა ეს შეიძლება სამომხმარებლო სესხების შეზღუდვაც იყოს, რაც ამ კატეგორიის სესხების რაოდენობას შეამცირებს. პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს ამ საკითხზე კომენტარი არც დღეს, USAID-ის ორგანიზებით გამართულ "გლობალური მეწარმეობის კვირეულზე" გაუკეთებიათ. 

იმპორტის 2%-იანი შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რის გამოც მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტულ პროდუქციას ყიდულობს. საქსტატის ცხრა თვის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში შემოსული საკვებისა და სასმელების იმპორტი 19.4%-ითაა შემცირებული. 

იმ პირობებში, თუ იმპორტი კიდევ უფრო მეტად, საკანონმდებლო რეგულაციით შემცირდება, ამას შესაძლოა ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

კომენტარები