რუსეთი-თურქეთი

ერდოღანის ბოდიშის შემდეგ, პუტინმა თურქეთს ეკონომიკური შეზღუდვები მოუხსნა

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ვლადიმირ პუტინი
Getty Images

კრემლის ოფიციალური საიტის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები თურქეთსა და რუსეთს შორის ჩარტერული გადაზიდვების აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით. ასევე, გამართოს მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.

ამას გარდა, უნდა გაუქმდეს 2015 წლის 28 ნოემბრის ბრძანებაში პუნქტი, რომელიც ზღუდავდა რუსული ტურ-ოპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების მიერ თურქეთის საგზურების გაყიდვას. ბრძანება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

ცნობისთვის, 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც სირიის საზღვართან ახლოს თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამ შემთხვევის გამო რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გაწყვიტა სამხედრო კონტაქტები და შეაჩერა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მაშინ ამბობდა, რომ სანქციები არ გადაიხედებოდა მანამ, სანამ თურქეთი ბოდიშს არ მოიხდიდა.

გასულ წელს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბოდიში რამდენიმე დღის წინ მოიხადა. თუმცა, თურქი მაღალჩინოსნების განცხადებით, ერდოღანმა წერილში პილოტის გარდაცვალების გამო მხოლოდ მწუხარება და სინანული გამოხატა. 

კომენტარები