მკვლელობა ხურჩაში

ე.წ აფხაზეთის მთავრობა: ოთხოზორია იყო ნასვამი, დაწყებულია გამოძიება

ე.წ აფხაზეთის პროკურატურა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სამხედრო პროკურატურა აცხადებს, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რომელთაც გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში მოკლეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მარიონეტული რეჟიმის პროკურატურის თქმით, გიგა ოთხოზორია ნასვამი იყო.

"19 მაისს, ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვართან, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას შორის მოხდა ინციდენტი, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის გამო, აუცილებელი დოკუმენტების არარსებობის გამო.

ინციდენტი გადაიზარდა ჩხუბში, რამაც გადაინაცვლა საქართველოს ტერიტორიაზე და არსებული ინფორმაციით ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან იქნა მოკლული. ამ ფაქტთან დაკავშირებით, აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის ნაწილით", - ნათქვამია მარიონეტული რეჟიმის პროკურატურის განცხადებაში.

მარიონეტული რეჟიმის საგამოძიებო უწყების თქმით, ისინი 14-15 ივნისს დაგეგმილ ჟენევის დისკუსიებზე შეეცდებიან მოიპოვონ "აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოპოვებული მასალები, ვინაიდან აფხაზეთის საგამოძიებო ორგანოები შეზღუდულები არიან მტკიცებულებების შეკრებაში, ჰქონდა რა ამ მოვლენას ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე".

კომენტარები