მკვლელობა ხურჩაში

პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელის მოსაძებნად ინტერპოლს მიმართა

pirveliradio.ge

ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებას არ ადასტურებს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. მისი თქმით, უწყებამ საერთაშორისო ძებნისთვის ინტერპოლს უკვე მიმართა და პასუხს ელოდება.

"ჩვენ მივმართეთ ინტერპოლს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით და, შესაბამისად, ველოდებით პასუხს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში მკვლელი უკვე წითელი ცირკულარით ძებნილი იქნება", - თქვა შოთაძემ.

რუსმა ე.წ. მესაზღვრემ ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო "საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე".

კომენტარები