მკვლელობა ხურჩაში

ზახაროვა ოთხოზორიას მკვლელობაზე: რუსულ მხარეს ამასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია

Reuters

კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარია ზახაროვა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობას.

ზახაროვას თქმით, ის ზონა, სადაც კონფლიქტი წარმოიქმნა, აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ქვეშაა. 

"რა თქმა უნდა, მივესალმებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების აღდგენას. ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოსა და ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოს შორის საზღვრების დემარკაცია არ არსებობს, ასეთი მექანიზმი საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ინციდენტები და, თუ მაინც რამე მოხდა, გამოძიება ჩატარდეს ცხელ კვალზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინციდენტს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია", - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ე.წ. მესაზღვრემ ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო "საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას თქმით, ოთხოზორიას მკვლელობა სამწუხარო ფაქტია, თუმცა ის გალის ან ჟენევის შეხვედრაზე არ იმოქმედებს.

"ჩვენ განვიხილავთ ასევე სიტუაციას, რომელიც წარმოიქმნა ინციდენტის შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის იმოქმედებს ჟენევის ან გალის შეხვედრაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. იმედს გამოვთქვამთ, რომ გალის მოლაპარაკებები 4-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგება", - განაცხადა ჩირიკბამ.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

IPRM-ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა. ის 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში, ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 36-ე რაუნდი 2016 წლის 14-15 ივნისს გაიმართება.

 

კომენტარები