მკვლელობა ხურჩაში

ბერაია: ოთხოზორიას მკვლელის დაკავება არ დადასტურდა

ირაკლი ბერაია
რუსთავი 2

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრა დასრულდა. 4-საათიანი შეხვედრა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს დაეთმო. მას შემდეგ, რაც ქართული დელეგაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, კომენტარი მხოლოდ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ბერაიამ გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ ოთხოზორიას მკვლელი რუსი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლი დაკავებული არ არის.

"ინფორმაცია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ არ დაგვიდასტურეს. რაც შეეხება გადმოცემის საკითხს, მათ გვითხრეს, რომ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და, ბუნებრივია, ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენთვის ეს თავისთავად მიუღებელია იმიტომ, რომ ენგურის ხიდს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ჩვეულებრივი ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება უცვლელი, ჩვენი პოზიცია პრინციპული, მოთხოვნები არ შეიცვლება, ჩვენ ყველა ფორმატში დავაყენებთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - თქვა ბერაიამ.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, არც ის ინფორმაცია დადასტურდა, რომ კანჯიოღლი უკვე რუსეთში იმყოფება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა 6 ივლისს გაიმართება.

რუსმა ე.წ. მესაზღვრემ ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო "საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე".

კომენტარები