დავით კეზერაშვილის საქმე

ადვოკატი: ინტერპოლმა დაადასტურა, რომ კეზერაშვილი პოლიტიკური მოტივით იდევნება

AFP.com

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ ინტერპოლმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წითელი ცირკულარიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მტკიცებულებების გაცნობის შედეგად მიიღო, საიდანაც იკვეთება, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია.

"კეზერაშვილი მოხსნილია ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან და ის აღარ იძებნება. შემიძლია გითხრათ, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც კეზერაშვილის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობდა პოლიტიკური მოტივებით. ამის საფუძველზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და გარკვეულ მტკიცებულებებს ვაწვდიდით ინტერპოლს, რომელიც ადასტურებდა პირდაპირ, კეზერაშვილის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოში.

სწორედ ამ მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე უკვე დღეისათვის მიიღო გადაწყვეტილება და ის ამოიღო ძებნიდან. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც ინტერპოლია, რომ საქართველოში ნამდვილად მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა კეზერაშვილის მიმართ... ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ კეზერაშვილისთვის, დღევანდელი ქართული მართლმსაჯულებისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის მეორე პრეცედენტი, როცა ინტერპოლმა საქართველოდან დევნილი პირი, პოლიტიკური მოტივების გამო მოხსნა ძებნიდან", - განუცხადა ტაბულას შოთა მინდელმა.

დავით კეზერაშვილი ინტერპოლის სიაში 2013 წლიდან, მას შემდეგ იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ბრალი წარუდგინა. 2013 წლის ოქტომბერში კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში, საქმეში შესაძლო პოლიტიკური მოტივების არსებობის გამო, გაათავისუფლეს. კეზერაშვილი ერთ-ერთ საქმეზე საქართველოში გაამართლეს - მას პროკურატურა სპირტის უკანონო კონტრაბანდასა და ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილს უკანასკნელი ბრალი რამდენიმე კვირის წინ, 2015 წლის 2 ივლისს წარუდგინა. საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება.

კომენტარები