დავით კეზერაშვილის საქმე

სასამართლომ დავით კეზერაშვილს კიდევ ერთი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

AFP.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიებად კიდევ ერთი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კეზერაშვილს თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების ჩამორთმევას ედავებიან. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტი, რომ გირაოს შეფარდების შემთხვევაში ბრალდებული, როგორც ყოფილი თანამდებობის პირი, გარემოცვის საშუალებით მოწმეებზე გავლენას მოახდენდა. დაცვის მხარე განჩინების გასაჩივრებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთში იმყოფება. ის ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს, თუმცა, საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა

პროკურატურამ დავით კეზერაშვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეების კუთვნილი ქონების ჩამორთმევაში 2 ივლისს დაადანაშაულა. ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ერთი - ტელეკომპანია იმედის და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. ასევე, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

ამასთან, ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ორივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. დავით კეზერაშვილს ბრალად სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამის სახით აღება ედებოდა.

 

კომენტარები