დავით კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილის ადვოკატი: ეს საქმე სასამართლოში კიდევ ერთხელ ჩამოიშლება

AFP.com

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის განცხადებით, პროკურატურამ დაცვის მხარეს ჯერჯერობით მხოლოდ ორგვერდიანი ბრალის დადგენილება გადასცა.

"საქმის მასალებთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან დაკავშირებას ველოდებით. აღკვეთის ღონისძიებას პროკურატურა მოითხოვს თუ არა, ეს თავიდან ბოლომდე პროკურატურის გადასაწყვეტია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. შემიძლია გითხრათ, თავისი არსით ეს ის საქმეა, რომელიც კიდევ ერთხელ ჩამოიშლება სასამართლოში და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ არავითარ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია", - თქვა მინდელმა.

პროკურატურამ დავით კეზერაშვილს გუშინ ახალი ბრალი წარუდგინა და თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეების კუთვნილი ქონების ჩამორთმევაში დაადანაშაულა. ადვოკატ შოთა მინდელის თქმით კი, ნიჟარაძეს კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე წლის მანძილზე სამოქალაქო დავა ჰქონდა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ადვოკატის აზრით, გარდა იმისა, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, პროკურატურა ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ახლადშექმნილი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მუშაობს.

 

კომენტარები