დავით კეზერაშვილის საქმე

თამაზ ნიჟარაძე დავით კეზერაშვილის ახალი ბრალის მიზეზს ადასტურებს

თამაზ ნიჟარაძე
რუსთავი 2

ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე პროკურატურის მიერ დავით კეზერაშვილის ბრალის წარდგენის მიზეზს ადასტურებს. ის საქმის დეტალებს ჰყვება.

"2010 წლის 14 აგვისტოს კეზერაშვილმა დამიბარა თავისთან პიქსელის შენობაში. კატეგორიულად მოითხოვა ფოთის ნავსადგურში არსებული ჩემი კომპანიების წილების გადაფორმება. იმ მომენტში არ დავეთანხმე. იყო დაჭერისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. თან მეუბნებოდა, რომ ეს მისი, ადეიშვილის და მერაბიშვილის გადაწყვეტილება იყო. იმავე საღამოს სპეციალური ოპერატიული დეპარტმენტის თანამშრომლები ჩემთან სახლში, ეზოში, ეზოს გარეთ განლაგდნენ. არ მეძლეოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, საძინებელში რომ მივდიოდი, იქაც კი თანამშრომელი მეჯდა. მივხვდი, რომ მუქარა იყო რეალური და ამიტომ იძულებული გავხდი, გადამეფორმებინა ჩემი კომპანიების წილები მისთვის. ახლაც მის მფლობელობაშია", - თქვა ნიჟარაძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს დღეს ახალი ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები. პროკურატურის ცნობით, კეზერაშვილმა ბიზნესი ძალადობის გამოყენების მუქარით მიითვისა.

კომენტარები