რელიგიური შეუწყნარებლობა

ომბუდსმენი: ხელისუფლებამ ქობულეთში მომხდარი ფაქტები უნდა აღკვეთოს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, როდესაც მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უკვე თითქმის ერთი თვეა არ აძლევენ საკუთარი რწმენის და აღმსარებლობის შესაბამისად სწავლების საშუალებას, "ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა აღკვეთოს უფლების დარღვევის ფაქტები და იმას, რაც ქობულეთში ხდება, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის სახელი დაარქვას". ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის სექტემბრის თვის ბიულეტენში, სადაც ყურადღება გამახვილებულია რელიგიური და სხვა უმცირესობების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე, კერძოდ კი, ქობულეთის შემთხვევაზე.

"ქობულეთში მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლის ამოქმედების მოწინააღმდეგეებმა შენობის შესასვლელთან ღორი და მისი თავი კარზე დაკიდეს. ქობულეთის მცხოვრები მართლმადიდებელთა ნაწილი დღემდე ეწინააღმდეგება პანსიონის ამოქმედებას. აქციის მონაწილეებს 9 სექტემბრიდან გადაკეტილი აქვთ შესასვლელი გზა და მოსწავლეებს არ აძლევენ შენობაში შესვლის შესაძლებლობას. მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის განათლების უფლება და რელიგიის თავისუფლება" - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის რწმუნებული მუდმივად აკვირდება და სწავლობს ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს.

"საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მსგავსი ფაქტების პრევენციას. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რელიგიური შემწყნარებლობის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით. 18 სექტემბერს სახალხო დამცველმა კვლავ გააკეთა განცხადება სადაც ქობულეთში მიმდინარე მოვლენებს რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულება უწოდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში მხარეთა შორის დიალოგით შემოფარგვლა საკმარის პირობას არ წარმოადგენს სიტუაციის განმუხტვის, მუსლიმთა შელახული უფლებების აღდგენის, დისკრიმინაციის დაძლევისა და შეუწყნარებლობის პრევენციისათვის. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა ზომას მიმართონ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუსლიმი მოქალაქეებისთვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად და რეაგირება მოახდინონ მათ წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციასა და გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე" - ნათქვამია სახალხო დამცველის სექტემბრის თვის ბიულეტენში.

კომენტარები