რელიგიური შეუწყნარებლობა

ნაკაიძე: ადიგენში მუსლიმებს ლოცვაში ხელს უშლიან, მლოცველებს შეურაცხყოფას აყენებენ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, ადიგენში მუსლიმებს ლოცვაში ხელს უშლიან, პოლიციამ გზები გადაკეტა და მათ მეჩეთში არ უშვებენ.

აგრესიული მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი ადიგენში, ადგილობრივი მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან პარასკევის ლოცვის ჩაშლას ცდილობს. ეს პირველი შემთხვევა არ არის - წარსულში მართლმადიდებელმა მღვდლებმა მლოცველებს ასევე მიაყენეს შეურაცხყოფა.

"ამ წუთებში ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სეროზულად დაძაბულია.

ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოატყუა ორივე მხარე. 18 დღიანი ლოდინის მიუხედავად პრობლემა არ მოაგვარა, პირიქით დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში.

სამლოცველოში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ, ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს". - წერს ნაკაიძე.

8 მარტს ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა.  ვიდეოში, რომელიც მედიამ გაავრცელა, ჩანს სახლთან შეკრებილი ჯგუფი, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც შენობაში შეკრებილ პირებს ემუქრებიან. კადრებში ჩანან პოლიციელებიც, რომლებიც სახლის გარშემო შეკრებილ ჯგუფს აკავებენ.

კომენტარები