რელიგიური შეუწყნარებლობა

SJC: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას სოციალური მშვიდობა და რელიგიური თანასწორობა ადიგენში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი(SJC)

"სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი გეგმა, რომელიც ადგილზე [ადიგენში] სოციალურ მშვიდობას და მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორობის პრინციპებს დაიცავდა" - ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი(SJC) ადიგენში გუშინ, 5 აპრილს აგრესიული მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ, ადგილობრივი მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან პარასკევის ლოცვის ჩაშლის მცდელობას.

SJC-ის განმარტებით, 5 აპრილს ადიგენში დაძაბულობის მიზეზი სალოცავად გამოყენებული შენობის ირგვლივ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულება გახდა.

"მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირობები უსამართლო იყო. უფრო ზუსტად, 2024 წლის 3 აპრილს ქალაქ ახალციხეში ადიგენელ მუსლიმებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლები, ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე. შეხვედრაზე განიხილეს დაბა ადიგენში მდებარე შენობის სანაცვლოდ, მუსლიმებისთვის სოფელ იჯარეთში ახალი შენობის გადაცემის საკითხი, სადაც მუსლიმებს ლოცვისთვის უსაფრთხო და თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა უნდა შეჰქმნოდათ. თუმცა, საბოლოოდ, მუსლიმ თემს განუცხადეს რომ არსებული შენობის ნაცვლად მხოლოდ თანხას გადასცემდნენ და ამ თანხით თავად შეეძინათ სხვა შენობა. აღნიშნულ პირობას თემი არ დათანხმდა, რადგან ეს პირობა არ შეესაბამებოდა მანამდე სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ გაცემულ დაპირებებს და შესაძლოა, მომავალში ახალი შენობის მუნიციპალიტეტში შეძენა შეუძლებელიც კი გამხდარიყო მუსლიმი თემისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მუსლიმი თემი აგრძელებდა ლოცვას სადავოდ გამხდარ შენობაში და მათ შორის, დღეს ისინი კვლავ შეიკრიბნენ. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მუსლიმ თემსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება თემისგან ითხოვდა ადიგენში მდებარე შენობა გამოეყენებინათ საცხოვრებლად, ხოლო ლოცვის მიზნებისთვის ხელისუფლება მათ ადიგენიდან ორ კილომეტრში მდებარე სოფელ იჯარეთში სხვა ალტერნატიულ შენობას გადასცემდა. აღნიშნულ პირობას მოლაპარაკებებში ჩართული მუსლიმი რელიგიური ლიდერები დათანხმდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული დაპირება ხელისუფლებამ არ შეასრულა". - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის მტკიცებით, მუსლიმ თემთან არსებული მოლაპარაკებების მანძილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციები "პრობლემური და თემისთვის მიუღებელი იყო, რადგან სახელმწიფოს წარმომადგენლები მოლაპარაკებებში ჩართულ რელიგიურ ორგანიზაციას მხარედ არ აღიარებდნენ".

"აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები საკმაოდ პრობლემური და თემისთვის მიუღებელი იყო, რადგან სახელმწიფოს წარმომადგენლები მოლაპარაკებებში ჩართულ რელიგიურ ორგანიზაციას მხარედ არ აღიარებდნენ და მხოლოდ სამუფტო სამმართველოს გზით ფიქრობდნენ ქონების თუ თანხის გადაცემას. მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკაში ხშირად არ იყო დაცული რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპიც. განსაკუთრებით პრობლემური იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა ვაშაყმაძის მიერ გაკეთებული საჯარო გაცხადებები, რომ შენობის მფლობელი რელიგიური ლიდერები სხვა მუსლიმურ განშტოებას მიეკუთვნებიან და მათთან სახელმწიფო სამართლებრივ ურთიერთობებში ვერ შევა, კონკრეტული ჯგუფების სტიგმატიზების და რელიგიური თანასწორობის პრინციპის დარღვევის აშკარა მაგალითია.

აშკარაა, რომ სახელმწიფომ 2023 წლის ივლისის შემდეგ ვერ შეძლო ადგილზე შექმნილი კონფლიქტის რეგულირება და საკითხის იმგვარი მოგვარება, რომ ერთის მხრივ დაცული ყოფილიყო ადგილზე უსაფრთხოება და მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლება, მეორეს მხრივ, კი გრძელვადიანი პრევენცია მოეხდინა სიტუაციის ესკალაციის.

სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო არც მომხდარ ინციდენტებზე გამოძიების დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ისეთი დანაშაულის ნიშნები, როგორიცაა რელიგიური წესის აღსრულების უკანონო ხელშეშლა (სსკ-ის 155-ე მუხლი) და დევნა (სსკ-ის 156-ე მუხლი). მერაბ მიქელაძის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯერ კიდევ 12 მარტს მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა უწყებამ 3 კვირის შემდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ საქმე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა". - ნათქვამია SJC-ის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის(SJC) განცხადებაში ასევე წერია, რომ ბოლო წლებში დაბა ადიგენში მიმდინარე პროცესზე დაკვირვებით ნათელი გახდა, რომ სახელმწიფო ვერ პასუხობს ქართველი მუსლიმების თემის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელიც მათი უსაფრთხოების, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვის წუხილებს უკავშირდება.

"ამ ეპიზოდშიც სახელმწიფოს მხრიდან მომხდარზე არაეფექტიანი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება საფრთხის წინაშე აყენებს ადგილზე სოციალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას და კონფლიქტის განმეორების რისკებს ქმნის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას - გადადგას ქმედითი ნაბიჯები დაბა ადიგენში ქართველი მუსლიმების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისა და თანასწორობის დაცვის უზრუნველსაყოფად; მიიღოს ქმედითი ზომები ადგილზე კონფლიქტის დარეგულირებისთვის და თემთა შორისი ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი, უსაფრთხო და სამართლიანი თანაცხოვრების გარანტირებისთვის.

ადგილობრივ ხელისუფლებას - საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპები და მიიღოს ყველა ზომა თემთაშორისი ნდობის აღდგენისა და მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს ადიგენელი მუსლიმების ლოცვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და არ დაუშვას ფიზიკური თავდასხმებისა და მუქარის განმეორება; უზრუნველყოს მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების დაწყება და ამისთვის საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება". - წერია განცხადებაში.

გუშინ, 5 აპრილს აგრესიული მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი ადიგენში, ადგილობრივი მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან პარასკევის ლოცვის ჩაშლას ცდილობდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის - წარსულში მართლმადიდებელმა მღვდლებმა მლოცველებს ასევე მიაყენეს შეურაცხყოფა.

კომენტარები