რელიგიური შეუწყნარებლობა

რელიგიათა საბჭო: გამოვხატავთ შეშფოთებას ადიგენში მუსლიმ მრევლზე თავდასხმის გამო

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც გამოთქმულია შეშფოთება მშვიდობიან მუსლიმ მრევლზე მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან გამოხატული შეურაცხყოფისა და მუქარის გამო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია ხელის შეშლა შეკრებაში, ლოცვის, რიტუალებისა და რელიგიური სწავლების აღსრულებაში.

საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს კერძო საკუთრებაში ერთობლივი ლოცვისა და რელიგიური ხასიათის შეკრების გამართვის შესაძლებლობა.

"სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები გულისტკივილით გამოვხატავთ შეშფოთებას ადიგენში სალოცავად შეკრებილ მუსლიმ მრევლზე თავდასხმის, მათდამი შეუწყნარებლობისა და შეურაცხყოფის გამო.

საქართველოში დაცული უნდა იყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები: კონსტიტუციით გათვალისწინებული ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლების მიღმა, არავის უნდა შეეშალოს ხელი შეკრებაში, ლოცვის, რიტუალებისა და რელიგიური სწავლების აღსრულებაში.

ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიხილეთ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომლებიც შეურაცხმყოფელი ფორმით თავს ესხმოდნენ და ემუქრებოდნენ საკუთარ სახლში სალოცავად შეკრებილ მშვიდობიან მუსლიმებს.

ასევე ჩვენ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება თითქოს მოლაპარაკებას ცდილობს კერძო საკუთრებაში ლოცვისა და რელიგიური ხასიათის სწავლების დაშვება - დაუშვებლობის საკითხზე, რაც კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სახელმწიფოს მიერ იმთავითვე უნდა იყოს გარანტირებული. ეს საკითხი არ შეიძლება დადგეს კითხვის ქვეშ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რათა დაცული იყოს კანონმდებლობით გარანტირებული რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა: კერძო საკუთრებაში ერთობლივი ლოცვისა და რელიგიური ხასიათის შეკრების გამართვის შესაძლებლობა.

ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ რელიგიურ გაერთიანებებს, სასულიერო პირებსა და სხვადასხვა აღმსარებლობის მრევლს შორის ურთიერთობები დაფუძნებული იქნება რელიგიის თავისუფლების პატივისცემაზე, რელიგიური ეთიკისა და ტოლერანტობის ტრადიციულ პრინციპებზე". - ნათქვამია რელიგიათა საბჭოს განცხადებაში.

რეგიონული მედია ბათუმელების ინფორმაციით, 8 მარტს ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა. 

ვიდეოში, რომელიც მედიამ გაავრცელა, ჩანს სახლთან შეკრებილი ჯგუფი, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც შენობაში შეკრებილ პირებს ემუქრებიან. კადრებში ჩანან პოლიციელებიც, რომლებიც სახლის გარშემო შეკრებილ ჯგუფს აკავებენ.

მუფთი ასლან აბაშიძის თქმით, მღვდელმა, რომელსაც, მისი ცნობით, ნიკოლოზი ჰქვია, მსგავსი რამ გასულ პარასკევსაც სცადა.

"ადიგენში ხდება ეს ამბავი, ცენტრში. ეს მღვდელი კი ნიკოლოზია. ძალიან ცუდად იქცევა, იგინება, იარაღით დადის. წინა კვირას დაემუქრა სახლის მეპატრონეს და მოძალადეა ვიღაც. ცემითაც ემუქრება მუსლიმებს და ასე შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში მუსლიმები ვერ იქნებიანო ამბობს. რაზმავს ხალხს, თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მიჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები. დღეს უკვე მობილიზება გააკეთა ხალხის, გასულ პარასკევსაც გააკეთა იგივე. ჩვენ დიალოგით გვინდოდა საქმის გადაწყვეტა, ჩაერია ადიგენის მერი და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც. არეგულირებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესაც გავაგებინეთ, პარლამენტის წევრ, ანზორ ბოლქვაძესაც და ასე შემდეგ." – თქვა აბაშიძემ ბათუმელების ცნობით.

კომენტარები