რელიგიური შეუწყნარებლობა

რელიგიის სააგენტო ადიგენზე: ვგმობთ რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის

კადრი ბათუმელების მიერ გავრცელებული ვიდეოდან

მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია, ვგმობთ რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის - ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. 

"სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწაფესად იქნება დარეგულირებული.

სააგენტო მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სისტემატური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონალური კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად" - წერს რელიგიის საკითხთა სააგენტო. 

რეგიონული მედია ბათუმელების ინფორმაციით, 8 მარტს ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა. 

ვიდეოში, რომელიც მედიამ გაავრცელა, ჩანს სახლთან შეკრებილი ჯგუფი, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც შენობაში შეკრებილ პირებს ემუქრებიან. კადრებში ჩანან პოლიციელებიც, რომლებიც სახლის გარშემო შეკრებილ ჯგუფს აკავებენ.

მუფთი ასლან აბაშიძის თქმით, მღვდელმა, რომელსაც, მისი ცნობით, ნიკოლოზი ჰქვია, მსგავსი რამ გასულ პარასკევსაც სცადა.

"ადიგენში ხდება ეს ამბავი, ცენტრში. ეს მღვდელი კი ნიკოლოზია. ძალიან ცუდად იქცევა, იგინება, იარაღით დადის. წინა კვირას დაემუქრა სახლის მეპატრონეს და მოძალადეა ვიღაც. ცემითაც ემუქრება მუსლიმებს და ასე შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში მუსლიმები ვერ იქნებიანო ამბობს. რაზმავს ხალხს, თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მიჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები. დღეს უკვე მობილიზება გააკეთა ხალხის, გასულ პარასკევსაც გააკეთა იგივე. ჩვენ დიალოგით გვინდოდა საქმის გადაწყვეტა, ჩაერია ადიგენის მერი და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც. არეგულირებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესაც გავაგებინეთ, პარლამენტის წევრ, ანზორ ბოლქვაძესაც და ასე შემდეგ." – თქვა აბაშიძემ ბათუმელების ცნობით.

კომენტარები