რელიგიური შეუწყნარებლობა

მანდატის ფარგლებში გვექნება შესაბამისი რეაგირება – იოსელიანი ადიგენში მომხდარზე

ტაბულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადიგენში 8 მარტს ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.


"სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა კონფლიქტში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება" - ნათქვამია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონული მედია ბათუმელების ინფორმაციით, 8 მარტს ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა. 

ვიდეოში, რომელიც მედიამ გაავრცელა, ჩანს სახლთან შეკრებილი ჯგუფი, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც შენობაში შეკრებილ პირებს ემუქრებიან. კადრებში ჩანან პოლიციელებიც, რომლებიც სახლის გარშემო შეკრებილ ჯგუფს აკავებენ.

მუფთი ასლან აბაშიძის თქმით, მღვდელმა, რომელსაც, მისი ცნობით, ნიკოლოზი ჰქვია, მსგავსი რამ გასულ პარასკევსაც სცადა.

"ადიგენში ხდება ეს ამბავი, ცენტრში. ეს მღვდელი კი ნიკოლოზია. ძალიან ცუდად იქცევა, იგინება, იარაღით დადის. წინა კვირას დაემუქრა სახლის მეპატრონეს და მოძალადეა ვიღაც. ცემითაც ემუქრება მუსლიმებს და ასე შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში მუსლიმები ვერ იქნებიანო ამბობს. რაზმავს ხალხს, თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მიჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები. დღეს უკვე მობილიზება გააკეთა ხალხის, გასულ პარასკევსაც გააკეთა იგივე. ჩვენ დიალოგით გვინდოდა საქმის გადაწყვეტა, ჩაერია ადიგენის მერი და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც. არეგულირებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესაც გავაგებინეთ, პარლამენტის წევრ, ანზორ ბოლქვაძესაც და ასე შემდეგ." – თქვა აბაშიძემ ბათუმელების ცნობით.

კომენტარები