გიგი უგულავას საქმე

საია: უგულავას დაკავება დაუსაბუთებელი და მიზეზი არადამაჯერებელია

უგულავას საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველი ორგანოების მოქმედება მოკლებული იყო დამაჯერებლობას და არ იყო სათანადოდ დასაბუთებული - ამის შესახებ საიას განცხადებაშია ნათქვამი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ უგულავას დაკავება არ შეესაბამებოდა და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

”როგორ ცნობილია, ე.წ. სითი პარკის საქმეზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ გ. უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით არ შეუფარდა გირაო. ასევე არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ე.წ. სითი პარკის საქმეზე არ არსებობდა სასამართლოს მიერ მიღებული რაიმე აქტი, რომელიც გ. უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას შეუზღუდავდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

საია ხაზს უსვამს ასევე იმ ფაქტს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) არცერთი მუხლი არ აძლევს გამომძიებელს/პროკურორს უფლებას, რომ მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით, სასამართლოს შესაბამისი აქტის გარეშე, შეუზღუდოს პირს გადაადგილების უფლება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის მასალებში არსებობს 30 ივნისით დათარიღებული "ოქმი ბრალდებულის გაფრთხილების შესახებ", სადაც მითითებულია, რომ გ. უგულავა გაფრთხილებულია, რომ "მან არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია", თუმცა ამ ოქმს არანაირი კანონიერი ძალა არ აქვს.

”ზემოაღნიშნული ოქმი მიღებულია მანამ, სანამ ე.წ. სითი პარკის საქმეზე სასამართლო იმსჯელებდა პროკურატურის შუამდგომლობაზე გ. უგულავასთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. რადგან სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ცხადია, გამომძიებლის მიერ მანამდე შედგენილ "ბრალდებულის გაფრთხილების ოქმს" ვეღარ ექნებოდა შემაკავებელი ძალა, თუნდაც რომ მიღების მომენტში მას შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ გაფრთხილების ოქმში არ არის მითითებული რომელიმე კანონის რომელიმე ნორმა, რის საფუძველზეც იგი გაიცა”, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

საიას განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საგამოძიებო სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საკუთარი მოქმედების კანონიერების დადასტურებას, თუ დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებული უგულავას მიმართ, რვასაათიან შუალედში, გამოძიებისათვის ცნობილი გახდა რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება, რომელმაც ერთი მხრივ განაპირობა გ. უგულავასთვის მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლა, ხოლო მეორე მხრივ - გადაუდებლად აუცილებელი გახდა მისი დაკავება.

განცხადებაში წერია, რომ პირის დასაკავებლად კანონის აუცილებელი მოთხოვნაა "დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული". თუ 2 ივლისს გ. უგულავას მოწმის სახით დაბარებისას, გამოძიებას არ ჰქონდა ბრალდებულის სახით მისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, რამდენიმე საათის შემდეგ რა დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, რომლებმაც შექმნეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ. უგულავამ დანაშაული ჩაიდინა? საიას განცხადებაში წერია, რომ მსგავსი დასაბუთება საგამოძიებო სამსახურის მიერ არ მომხდარა.

”ამასთან, დაკავების მომენტისთვის (3 ივლისი, დაახლოებით დილის 6 საათი) არ იყო გასული გ. უგულავსთვის, როგორც მოწმისთვის, საგამოძიებო სამსახურის მიერ ნებაყოფლობით გამოცხადებისთვის განსაზღვრული ვადა (4 ივლისი, 10:00 სთ). რადგან მისი დაკავება მოხდა ბრალდებულის სტატუსით, გამოდის, რომ უწყების გაგზავნიდან გ. უგულავას დაკავებამდე პერიოდში, საგამოძიებო სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საკუთარი მოქმედების კანონიერების დადასტურებას, თუ დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ მითითებული 8-საათიანი დროის შუალედში გამოძიებისთვის ცნობილი გახდა რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება, რომელმაც ერთის მხრივ განაპირობა გ. უგულავასთვის მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლა, ხოლო მეორეს მხრივ გადაუდებლად აუცილებელი გახდა მისი დაკავება. საგამოძიებო სამსახურების მიერ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებით ასეთი მნიშვნელობის მქონე ახალი გარემოების შესახებ მითითებული არ არის”, - ნათქვამია განცხადებაში.

საიას განცხადებაში ასევე ხაზგასმულია სხვადასხვა პროცედურული დარღვევები. ”უგულავას დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ მიეცათ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა”, ”დაკავებისას ბრალდებულს არ განემარტა მისი უფლებები, რაც ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის დარღვევაა”, - აღნიშნულია განცხადებაში.  

საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნები, სათანადო დამაჯერებლობით დაასაბუთონ საკუთარი მოქმედებები და განსაკუთრებით ის ღონისძიებები, რაც ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას იწვევს. 

კომენტარები