გიგი უგულავას საქმე

უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა

გიგი უგულავას ადვოკატმა უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი მიიღო, რომელიც გიგი უგულავას მიმართ დარღვევებს ადასტურებს.

კერძოდ:

ბექა ბასილაისთვის მიწოდებულ დოკუმენტში წერია, რომ თბილისის განვითარების ფონდის სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების, გიორგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის და სხვათა მიმართ უზენაეს სასამართლოში 2019 წლის 23 იანვარს შევიდა.

ბასილაიას თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საკასაციო სასამართლომ საქმე 6 თვეში უნდა განიხილოს, შესაბამისად, საქმეს ხანდაზმულობის ვადა 23 ივლისს გაუვიდა.

წერილის მიხედვით, საქმე თავდაპირველად მოსამათლე გიორგი შავლიაშვილს დაეწერა, 2019 წლის 31 დეკემბერს კი ახლადდანიშნულ მოსამართლეს, მამუკა ვასაძეს გადაეწერა. თუმცა, ვასაძემ 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით, თვითაცილება გააკეთა. ვასაძემ თვითაცილებას საფუძვლად დაიდო ის, რომ მაშინ, როცა საქმე პროკურატურიდან უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა, ის მთავარი პროკურორის მოადგილე და პასუხისმგებელი გამომძიებელი იყო.

შესაბამისად, ბასილაიას თქმით, საქმეზე თავი მოსამართლე შალვა თადუმაძესაც უნდა აეცილებინა, ვინაიდან ის 2019 წლის იანვარში მთავარი პროკურორი იყო.

ასევე, უზენაესი სასამართლოს წერილში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, თადუმაძესთან და გიორგი შავლიაშვილთან ერთად, საქმე 2020 წლის 23 იანვარს დაეწერა, 30 იანვარს პალატამ საქმე დასაშვებად სცნო, 10 თებერვალს კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ 45-ტომიანი საქმე 15 დღეში შეისწავლა, რაც წარმოუდგენლად მცირე დროა.


ფოტო: ბექა ბასილაია
2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, უგულავას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განუსაზღვრა. ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის საქმეს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია (შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი) განიხილავდა.

ოპოზიციის ერთერთი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა. თბილისის ყოფილი მერის საქმეს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები გამოეხმაურნენ.

ყველა მათგანის განცხადება წაიკითხეთ აქ.

კომენტარები