დავით კეზერაშვილის საქმე

პროკურატურამ დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას ბრალი დაუმძიმა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოიტანა. მათ ბრალს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო წარუდგენენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. 

პროკურატურის განცხადებით, "2008 წლის 10 იანვარს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, მასთან დაკავშირებული პირის, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია “Girwood Business Corp.“-ის სასარგებლოდ, თანხების გაფლანგვის მიზნით, გამოსცა ბრძანება - ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ".

ამავდროულად, გამოძიების ვერსიით, "დავით კეზერაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ნინუა, რომელმაც კომპანიის გამოცდილების და შესაძლებლობების შეუმოწმებლად, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანია “Girwood Business Corp.“-თან, თავდაცვის სამინისტროს სახელით გააფორმა ხელშეკრულება, თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით".

პროკურატურის განცხადებით, "ხელშეკრულების თანახმად, საავანსო თანხად განისაზღვრა მთლიანი თანხის 40 %, მაშინ როდესაც კომპანიას, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობაც კი არ გააჩნდა, არ დაევალა საბანკო ან სხვა სახის გარანტიების წარმოდგენა". საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სინამდვილეში ხელშეკრულება იყო ფიქტიური და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია “Girwood Business Corp.“-ს სამხედრო ქვედანაყოფებში არანაირი სახის სასწავლო წვრთნები არ ჩაუტარებია.

"დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია “Girwood Business Corp.“-ს თავდაცვის სამინისტროდან ოფშორულ ზონაში არსებულ საბანკო ანგარიშზე საავანსო თანხად გადაერიცხა 2 330 937 ევრო. ხოლო დარჩენილი თანხების გადარიცხვის მიზნით, თავდაცვის სამინსიტროში ყალბი ანგარიში შედგა, თითქოსდა კომპანიის მიერ სამხედრო დანაყოფებში ჩატარებული სწავლებების შესახებ, რითაც კომპანია “Girwood Business Corp’’-ის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა დამატებით 2 729 062.50 ევრო. მთლიანობაში, დავით კეზერაშვილმა და ალექსანდრე ნინუამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისე რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო სწავლების კურსები არ ჩატარებულა, კომპანიის “Girwood Business Corp’’-ის სასარგებლოდ გაფლანგეს 5 060 000 ევრო, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს შეყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ალექსანდრე ნინუამ სამი კვირის წინ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს. ნინუა აღნიშნავდა, რომ „პროკურატურას უნდა დაასწროს“. მას ორი ბრალი უკვე წაყენებული აქვს. აქედან ერთ-ერთზე, რომელიც საიდუმლო წარმოების წესების დარღვევას ეხება, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, საქმეზე დამამთავრებელი სასამართლო სხდომა მეხუთედ, პროკურორის შეცვლის გამო გადაიდო და პროცესი ხვალ, 8 მაისს გაიმართება. 

ალექსანდრე ნინუას განცხადებით, მან შეგნებულად დააკავებინა პოლიციას თავი და იარაღი დააგდო პოლიციის თვალწინ. ამის მიზეზი კი, როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ნინუაზე განხორციელებული ზეწოლები გახდა. კერძოდ, ნინუამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, პროცესზე განაცხადა, რომ მას არაერთხელ მოსთხოვეს პროკურატურაში მისი მეგობრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, ამის შემდეგ კი დაიწყეს მის თანამშრომლებზე ზეწოლა. ნინუამ აღნიშნა, რომ ციხის არ ეშინია და სწორედ აქედან გამომდინარე მოაწყო დაკავების პროვოცირება.

კომენტარები