აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ტრამპი: ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებს დრონები ესროლა, ცეცხლის შეწყვეტის სულელური დარღვევაა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანმა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "სულელურად" დაარღვია და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე ოთხი დრონით მიიტანა იერიში. 

ტრამპის თქმით, აშშ-მ ოთხიდან სამი დრონი ჩამოაგდო, ერთი კი ხომალდის გემბანს დაეჯახა და დააზიანა, თუმცა გემმა გზის გაგრძელება მოახერხა. 

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სულ მცირე, ოთხი ერთჯერადი მოიერიშე დრონი ესროლა ხომალდებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს კვეთდნენ. ერთ-ერთი დრონი დიდი და ძალიან ძვირი სატვირთო გემის ზედა გემბანს მტკიცედ დაეჯახა. გემი დაზიანდა, თუმცა მარშრუტის გაგრძელება შეძლო. სამი სხვა დრონი ჩამოვაგდეთ. რასაკვირველია, ეს ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სულელური დარღვევაა". - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 ივნისს ომანის სიახლოვეს გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს მიერ კოორდინირებულ მარშრუტზე მცურავი სატვირთო გემი ჭურვმა დააზიანა.

მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) გაავრცელა გაფრთხილება, რომ თეირანის თანხმობის გარეშე მცურავი ხომალდები "არალეგალურად" გადაადგილდებოდნენ.

სატვირთო გემი ჰორმუზის სრუტეში, გაეროს მიერ კოორდინირებულ მარშრუტზე, მოძრაობდა, როდესაც მას ჭურვი მოხვდა და დაზიანდა. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. UKMTO ბრიტანეთის საზღვაო ძალების დაქვემდებარებაშია.

მოგვიანებით სოციალურ მედიაში გავრცელდა ხომალდის ბორტიდან გადაღებული ვიდეო, რომელშიც, როგორც ჩანს, რადიოს მეშვეობით IRGC-ის საზღვაო ძალების მიერ გადაცემული გაფრთხილების ხმა ისმის.

გაეროს სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურიდან ხომალდების ევაკუაციის გეგმა დროებით შეყოვნდება მანამ, სანამ სააგენტო უსაფრთხოების გარანტიებს არ დაადასტურებს საევაკუაციო სიასა და რეგიონში მყოფი გემებისთვის.

კომენტარები