22 ივნისს კრემლმა უკრაინა ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული რეტრანსლატორების გამორთვისკენ მოუწოდა.
ზელენსკიმ 19 ივნისს განაცხადა, რომ მინსკისთვის 1 კვირა საკმარისი იქნება, რათა უკრაინის საზღვრის გასწვრივ განლაგებული რეტრანსლატორები გათიშონ, რომელთა მეშვეობითაც, ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირებას ახდენს.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "უახლოეს მომავალში" განიხილავენ.
"რაც შეეხება უშუალოდ მუქარას, რა თქმა უნდა, ეს უაღრესად აგრესიულია – სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი ხელყოფა." – უთხრა პესკოვმა რეპორტიორებს.
"თუმცა, ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობასა და უშუალოდ ბელარუსს მათი სუვერენიტეტის დაცვა შეუძლიათ." – დაამატა მან.
პარალელურად, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსიდან დევნილმა ოპოზიციამ ვოლოდიმირ ზელენსკის გამაფრთხილებელი ნიშნების სია გადასცა, რომლებიც მიუთითებენ, რომ მინსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩასართავად ემზადება.




