სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

რუსეთი დამარცხდა უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში და ახლა უკვე სომხეთში - გეგელია

გრიგოლ გეგელია
სქრინი TV პირველი

ლელო-ძლიერი საქართველო ნიკოლ ფაშინიანსა და სომხეთის მოქალაქეებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. განცხადება კოალიციის წევრმა, გრიგოლ გეგელიამ გააკეთა. 

"მინდა, ნიკოლ ფაშინიანს და სრულიად სომეხ ერს ეროვნული ინტერესის დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო. რუსეთი დამარცხდა რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში და ახლა უკვე სომხეთშიც [...] გუშინ გაიმარჯვა არა მარტო დემოკრატიულმა სომხეთმა, არამედ დემოკრატიულმა საქართველომაც, რადგან ამ ორს ერთმანეთი სასიცოცხლოდ სჭირდება [...]

სომხეთის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ რეალურად პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა და ეროვნული ინტერესების დაცვა, არჩევნების გზით ყოველთვის რეალურ შედეგებს იძლევა. წუხილით ვიხსენებთ, რომ ანტიქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ ყველა რეგიონული უპირატესობა დაკარგა, რაც მას ისტორიულად ჰქონდა - ერევანი რეგიონის პოლიტიკური ცენტრი გახდა, თბილისი კი მაჩანჩალა და პერიფერია [...] თბილისიდან რამდენიმე საათის გზაზე მართლაც ამოქმედდა რეალურად და არა ქოცურად, რეალურად პრაგმატული საგარეო პოლიტიკის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მოდელი ფაშინიანის მეთაურობით. სწორედ ამიტომ, ამაყი ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს და შეუერთდეს სომხებს, უნგრელებს, მოლდოველებსა და რუმინელებს ამ დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლაში ეროვნული ინტერესისა და კაცობრიობის პროგრესული მონაპოვარის დასაცავად". - თქვა გეგელიამ.

წინასწარი საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.3%-ით. დათვლილია ყველა უბანი. 

ხმების 9.9%-ით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი "სომხეთი", რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, ხოლო პროკრემლისტური პარტია "აყვავებული სომხეთი," სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერის გადალახვას ახერხებს, ხმათა 4%-ით.

კომენტარები