სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

რუსული სამთავრობო მედია სომხეთის არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში "ყველაზე ბინძურად" აფასებს

ნიკოლ ფაშინიანი
Karen Minasyan / Agence France-Presse

რუსული სამთავრობო მედია ТАСС სომხეთის არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში "ყველაზე ბინძურად" აფასებს.

სტატიაში სახელწოდებით - "შიშის კამპანია: როგორ შეინარჩუნა ფაშინიანმა ხელისუფლება სომხეთის ისტორიაში ყველაზე ბინძურ არჩევნებზე" - პროპაგანდისტული მედია სააგენტო წერს, რომ სომხეთში 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები "უბრალო არჩევნები არ ყოფილა - მასზე ფაქტობრივად, წყდებოდა სომხეთის შემდგომი არსებობის საკითხი მსოფლიო პოლიტიკური რუკის კონტექსტში. მოქალაქეები ირჩევდნენ არა მხოლოდ პარლამენტის ახალ შემადგენლობას, არამედ ქვეყნის განვითარების ვექტორს, ეროვნულ იდენტობასა და სომხური სამოციქულო ეკლესიის - ხალხის მრავალსაუკუნოვანი საყრდენის - ბედს. შედეგი კი ისეთი აღმოჩნდა, როგორიც აღმოჩნდა".

ТАСС აღნიშნავს, რომ არჩევნების პროცესში გამოაშკარავდა, რომ ფაშინიანის მთავრობა მასობრივად ზღუდავდა სიტყვისა და აზრის თავისუფლებას. 

"სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ უნახავს გაყალბებისა და ადმინისტრაციული ზეწოლის ასეთი მასშტაბი. ხელისუფლებამ ოპონენტების დევნა კენჭისყრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო: დაშინების მექანიზმი ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში ამოქმედდა, როდესაც ხელისუფლებისთვის არასასურველი საზოგადო მოღვაწეების დაპატიმრებები დაიწყო" - წერს რუსული სამთავრობო მედია სააგენტო.

 

კომენტარები