გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო

ოცნებამ რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მორალის პოლიცია შექმნა - დათუნაშვილი

ლელო-ძლიერი საქართველო გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველოს ამოქმედებას გამოეხმაურა. განცხადება კოალიციის წევრმა, თაზო დათუნაშვილმა გააკეთა.

"ქართული ოცნების სასიქადულო ხელისუფლებამ ქართული ავტოკრატიის მშენებლობისა და განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ყველა დროის ყველაზე უმორალო ქართული ოცნების მთავრობამ რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გადაწყვიტა, მორალის პოლიცია შექმნას. მორალის სამმართველოს უდიდესი შრომის გაწევა მოუწევს, რადგან 10-კაციანი რაზმი 3 მილიონი ქართული Facebook-გვერდის კონტროლს შეეჭიდება [...]

ამიერიდან, თქვენს Facebook-კედლებზე არა ვინმე ციცო დეიდა, არამედ მორალის პოლიცია გააკონტროლებს, რა ჭკუაზე ხართ, რა გონებაზე, რას აკომენტარებთ, რას წერთ და როგორი ემოცია გაქვთ. როგორც ჩანს, ქართული ოცნების ახალი პოლიტიკური პროგრამა ასეთია და ძალიან მარტივი: სულ უფრო ნაკლები თავისუფლება ხალხს, მეტი მონიტორინგი! ნაკლები პასუხი რეალურ პრობლემებს, მეტი მოქალაქის პროფილების სქრინები ხელისუფლებას!

მორალის პოლიცია შექმნა ხელისუფლებამ, რომლის დამსახურებაა საქართველოში ქართული ენის დეგრადაცია საჯარო სივრცეში - რომლის გენერალური მდივანი, პრემიერმინისტრები, პრეზიდენტები, სხვადასხვა დროს, დედის სისხლს იგინებიან იმ დარბაზებში, რომელშიც მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს დამოუკიდებლობა და ა.შ. თურმე, ეს ადამიანები აკონტროლებენ საქართველოს მოქალაქეების ენას იმ უწყების გავლით, რომელსაც ტვირთად ადევს რამდენიმე დღის წინ საჯაროდ ადამიანის წამება და რომელიც ზოგადად, სისტემურად აწამებს ადამიანებს. ეს სამარცხვინო მოვლენაა და კიდევ ერთი ღრმად გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვის გზაზე". - თქვა დათუნაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი  სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა".

ქართულმა ოცნებამ შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველო შექმნა, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება". 

მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

კომენტარები