გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო

ქვეყნის გარედან სიძულვილს გვახვევდნენ, ამას დაპირისპირება სჭირდება - კობახიძე სამმართველოზე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველოს მუშაობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"ამ სამმართველოს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის გარედან სიძულვილსა და აგრესიას ხელოვნურად თავს გვახვევდნენ, ამას დაპირისპირება სჭირდება. ამ სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაც სწორედ ეს არის, რომ საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად თავს მოხვევა არ დაუშვას. ეს ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა არაა და რაც ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი არ არის და თან აბსოლუტურად უარყოფითი მოვლენაა და რაც შეგვიძლია აღვკვეთოთ, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი  სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა".

ქართულმა ოცნებამ შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველო შექმნა, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება". 

მამუკა მდინარაძის ცნობით, აღნიშნულში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

კომენტარები