ნიუ-დელიში BRICS-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში ომის შესახებ ერთობლივი განცხადების გარეშე დასრულდა, რადგან, მასპინძელი ინდოეთის მიხედვით, "ზოგიერთ წევრს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა".
ინდოეთის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, წევრებმა "თავიანთი ეროვნული პოზიციები გამოხატეს და ერთმანეთს ხედვები გაუზიარეს" სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, სუვერენიტეტზე, საზღვაო უსაფრთხოებასა და ახლო აღმოსავლეთში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის თაობაზე.
ამასთან, ინდოეთის განცხადების სქოლიოში ვკითხულობთ, რომ "ერთ წევრს შენიშვნები ჰქონდა" იმ პუნქტების შესახებ, რომლებიც ღაზის სექტორის საკითხსა და წითელი ზღვისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში უსაფრთხოებას ეხებოდა.
მანამდე, 14 მაისს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, BRICS-ის სახელმწიფოებს აშშ-ისრაელის დაგმობისკენ მოუწოდა, მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ "უკანონო აგრესიის" გამო.
BRICS-პლუსი გეოპოლიტიკური ბლოკის გაფართოებული ვარიანტია, რომელიც თავდაპირველად ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებდა. ჯგუფი ახლა ასევე ეგვიპტეს, ინდონეზიას, საუდის არაბეთს, ეთიოპიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც მოიცავს.
გასული წლის ივლისში ტრამპმა BRICS "ანტიამერიკული პოლიტიკის" წარმართვაში დაადანაშაულა და 10%-იანი ტარიფით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანდებოდნენ.





