რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო: უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროპაში ყველაზე ძლიერია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო
Oliver Contreras/Sipa/Bloomberg

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, უკრაინას ევროპაში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს. მისი თქმით, ამას აქვს ორი მიზეზი - მოკავშირეების მიერ კიევისთვის გაწეული დახმარებები და ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილება.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვიურად რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები უკრაინელებთან შედარებით ხუთჯერ მეტია.

"რუსები ყოველთვიურად ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები და უკრაინა უფრო პატარა ქვეყანაა, უფრო პატარა ჯარი ჰყავს. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაზე ძლიერი, ყველაზე ძლევამოსილი შეიარაღებული ძალებია მთელ ევროპაში ახლა. რა თქმა უნდა, მრავალი დახმარების გამო, რაც მიიღეს, თუმცა ასევე ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილების გამო." - თქვა რუბიომ.

რუბიოს თქმით, "შთამბეჭდავია" უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ახალი ტაქტიკების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების შემუშავება ასიმეტრიული ბრძოლისთვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის დასრულება სურს, რადგან დანაკარგები ორივე მხარეს დიდია. მისივე თქმით, ყოველთვიურად 15-20 000 რუსი სამხედრო კვდება.

"უკრაინას აღმშენებლობისთვის ორი ათწლეული დასჭირდება. რუსეთის ეკონომიკის ზარალი წარმოუდგენლად დიდია. რუსებს ყოველ თვე 15-20 000 ჯარისკაცი უკვდებათ. დაჭრილები კი არ არიან, კვდებიან. ეს ცუდი ომია." - თქვა რუბიომ.

რუბიოს თქმით, პრეზიდენტი ტრამპი და მისი ჯგუფი მზადაა შუამავლობისთვის. მან აღნიშნა, რომ გასულ თვეებში მოლაპარაკებების შესაძლებლობა დაკარგეს, რადგან უკრაინელები საკუთარი საბრძოლო პოზიციების გამო თავდაჯერებულები იყვნენ, რუსებს კი ოპტიმისტური განწყობა ჰქონდათ ნავთობის ფასის გაზრდის გამო.

 

 

კომენტარები