პარტია საქართველოსთვის

ოცნების ქმედებები საეჭვო კავშირშია ცხინვალის ანექსიის პროცესთან – საქართველოსთვის

პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართულ ოცნებას მოუწოდებს, მოახდინოს მკაფიო რეაგირება დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მიღებულ კანონზე. 

პარტიის თანახმად, ოცნების ბოლოდროინდელი ქმედებები, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს პროცესები საეჭვო დანაშაულებრივ კავშირშია რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესთან.

"რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესი აქტიურ და უკიდურესად საშიშ ფაზაშია გადასული, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის ფონზე მიმდინარეობს.

დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული ფედერალური კანონი რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე, რაც ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. განსაკუთრებით სიმბოლურ და ცინიკურ ხასიათს ატარებს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 9 მაისს მოეწერა.

უკვე ყველასთვის აშკარაა „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილი როგორც „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა“ (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გამართული შეხვედრების შინაარსთან დაკავშირებით, ასევე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია კონფიდენციალურ რეჟიმში მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ გადატანის საკითხზე.

„ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები, საჯაროდ მოხდილი ბოდიში, 2008 წლის აგვისტოს ომში აგრესორად საქართველოს წარმოჩენის მცდელობა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელსაც ქართული მიწის დაცვისათვის, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, სოფელ ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისათვის, "ოცნების" ხელისუფლება ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და რუსული პროპაგანდისტულ ნარატივებით ასამართლებს, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს პროცესები საეჭვო დანაშაულებრივ კავშირშია რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესთან.

მოვუწოდებთ „ოცნების“ ხელისუფლებას, გამოვიდეს დანაშაულებრივი დუმილის და უმოქმედობის რეჟიმიდან და მოახდინოს მკაფიო რეაგირება მომხდარ ფაქტზე, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისა და შესაბამისი ფორმატების მობილიზაცია, რათა არ დავუშვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის - ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის და ე.წ. ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ივანიშვილის მთავარმა პროკურორმა 12 ნოემბერს განაცხადა.

გიორგი გვარაკაძის თქმით, "საქმე ეხება პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს".

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, "ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ".

"აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია". - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13 ნოემბერს 20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვისთავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ამავე დღეს, გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზეც.

კომენტარები