რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: უკრაინამ გროზნოში დრონებით იერიში მიიტანა – წარმატებით დაარტყეს ФСБ-ს შენობას

Exilenova+ / Telegram

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, 8 მაისის დილის საათებში უკრაინამ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სადაც ერთ-ერთი უდიდესი რუსული ბაზა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) შენობა მდებარეობს, დრონებით იერიში მიიტანა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გროზნოში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხი Astra წერს, რომ ერთ-ერთი დრონი ხანკალის ტერიტორიას მოხვდა, ხოლო მეორეს სამიზნე ქალაქის რკინიგზის სადგურის სიახლოვეს იყო. 

ხანკალაში რუსეთის სამხედრო ბაზა და 42-ე მოტორიზებული მსროლელთა გვარდიის დანაყოფის შტაბ-ბინა მდებარეობს. 

ამასთან, დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Agentstvo წერს, რომ ცენტრალური გროზნოს რკინიგზის სადგური რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის, რეზიდენციიდან 2 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. 

ხოლო ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა Niyso-მ, სავარაუდოდ, ФСБ-ს შენობაზე იერიშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "სამიზნეს ზუსტად დაარტყეს". "მცხოვრებლები ზეიმობენ, კადიროველები კი გლოვობენ. მმართველი წრეები უკმაყოფილოები იქნებიან." – აღნიშნა ტელეგრამ-არხმა. 

კომენტარები