გადაცემაში "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან" გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
TV ფორმულას ინფორმაციით, ჟურნალისტი გამოკითხვაზე 6 მაისს 20:00 საათზე თბილისის პროკურატურაში მივა.
"საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დამიკავშირდნენ პროკურატურიდან, დამიბარეს გამოკითხვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მე დღესვე მაინც მივალ და სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს". - წერს ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში.
ფორმულას მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით, წელიწადნახევრის შემდეგ ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ფორმულასგან ირკვევა, რომ პირი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.
"კერძოდ, ის ირიცხებოდა მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში და იმ ე.წ. "დამრბევთა" დანაყოფის წევრი იყო, რომელიც აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა". - წერს ფორმულა.





