საქართველო-უკრაინა

მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უკრაინასთან ურთიერთობა მაქსიმალურად აღდგეს - კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და მისი და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ ისაუბრა. 

კობახიძის თქმით, ქართული მხარე მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს.

"რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობასა და ურთიერთობას ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში აისახოს. ჩვენი მხრიდან ყველა გონივრული ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას. 

ჩვენ ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც დღეს ურთულეს მდგომარეობაშია, ომშია. არის ურთულესი ეკონომიკური და სოციალური პირობები. ჩვენ უკრაინელ ხალხს ყველანაირად ვგულშემატკივრობთ. ბუნებრივია, უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ. შესაბამისად, ყველანაირად დაინტერესებული ვართ, რომ მეგობრული ურთიერთობები არსებობდეს როგორც ქვეყნებს, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა, დანარჩენი ვნახოთ". - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნეგატიურად არასოდეს უხსენებია. 

"მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასოდეს მიხსენებია და ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც დღეს ომშია და ეს ქვეყანა ჩვენი მეგობარია. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად ზელენსკისთან დაკავშირებით მე ჩემს სიტყვებს ყოველთვის ვუფრთხილდებოდი". - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ის მისი და ზელენსკის შეხვედრის შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ საუბარი მეგობრული და მომავალზე ორიენტირებული იყო.

"რა პრობლემებიც იყო, ბუნებრივია, რჩება. არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რაც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ა.შ. ჩვენ გუშინ არსებითად მეგობრულ საუბარზე ვიყავით კონცენტრირებული. სულისკვეთება ეს იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის, პრობლემებთან დაკავშირებით. პრობლემები იყო და არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მომავალზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ". - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 4 მაისს, ერევანში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი 2 ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კობახიძემ თქვა, რომ ეს "მეგობრული და საინტერესო საუბარი იყო". 

კობახიძესთან შეხვედრას თავად ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის გადაუჭრელი საკითხები არსებობს. მან თქვა, რომ დიალოგი ყველა დონეზე მნიშვნელოვანია და თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

კომენტარები