13 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თავმჯდომარეობას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი გაუწევს.
ევროპის კავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე მინისტრები ძირითადად უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიის საკითხებზე იმსჯელებენ.
უკრაინის საკითხის განხილვამდე არაფორმალური შეხვედრა გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრიი სიბიჰასთანაც.
ამასთან, საბჭო გადახედავს ერთი წლის წინ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის მიერ წარდგენილი ახალი სტრატეგიული მიდგომის დანერგვის პროცესსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიული მიდგომა ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული კომუნიკეა, რომელიც რეგიონისთვის პრიორიტეტებსა და ინიციატივებს განსაზღვრავს. აღნიშნული გეგმის მიზანია, რომ შავი ზღვის რეგიონი უფრო უსაფრთხო გახდეს, უკეთ დაუკავშირდეს ევროპასა და ნაკლებად მოწყვლადი იყოს რუსეთის წინაშე.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის როლი და პასუხისმგებლობა იზრდება, განსაკუთრებით უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებით. ამავე კონტექსტში ნახსენებია საქართველოც, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ პარტნიორადაა დახასიათებული. თუმცა, კომუნიკეს მიხედვით, საქართველოს შემთხვევაში ეს პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, დაუბრუნდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის გზას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2025 წლის ოქტომბერში ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლების მონაწილეობით რეგიონთაშორის უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა. მინისტერიალზე, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც განიხილეს, საქართველო არ მიიწვიეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქეთის წარმომადგენლები დაესწრნენ.




