ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
"შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ". - წერს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია.
სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი მიმდინარეობს.
სომხეთის გარდა, სამიტზე ასევე მიწვეულნი არიან ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა, ასევე საქართველო, ალბანეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
შეხვედრაზე აგრეთვე მიწვეულია კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც სამიტს არაევროპული ქვეყანა ესწრება.





