აშშ-ს სენატმა 4 მარტს მხარი არ დაუჭირა ომის უფლებამოსილებების რეზოლუციას, რომლის მიზანიც ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო ნაბიჯების გადადგმის უნარის მხრივ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შეზღუდვა იყო.
რეზოლუციას მხარი 47-მა სენატორმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი 53 იყო, რის გამოც მან ვერ მოიპოვა ხმათა უბრალო უმრავლესობა.
რესპუბლიკელ სენატორებთან ერთად რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ერთმა დემოკრატმა სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა მისცა, რომელმაც 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ ტრამპის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ხოლო სენატორი რენდ პოლი ერთადერთი რესპუბლიკელი იყო, რომელმაც დემოკრატებთან ერთად რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
სენატორი ტიმ კეინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია მოითხოვს "ირანში ან ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებიდან აშშ-ს შეიარაღებული ძალების" გამოყვანას მანამ, სანამ ეს პირდაპირ არ იქნება ნებადართული ომის გამოცხადებით ან სამხედრო ძალის გამოყენებაზე კონკრეტული უფლებამოსილების მინიჭებით.
ანალოგიურ რეზოლუციაზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის გამართვა დღეისთვის არის მოსალოდნელი.





