რუსეთი-საქართველო

გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა

   
   

უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე გაერთიანებულმა სამეფომ ტანკერი, რომელმაც გასული წლის 2 ოქტომბერს ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა, სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა.

ვებგვერდ VesselFinder-ის მიხედვით, ტანკერი KAYSERI, რომლის ყულევის პორტში შემოსვლაც გასული წლის ოქტომბერში შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, ამჟამად რეგისტრირებულია სახელით ALTURA (IMO 9292199)

24 თებერვალს განახლებულ სანქციების სიაში გემი ALTURA-ს სახელით იძებნება. 

ცნობისთვის, 2025 წლის 2 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, მას შემდეგ, რაც გამოცემა Reuters-მა LSEG-ის გემების კურსის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსულმა ნავთობკომპანია რუსნეფტმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელს პირველი ტვირთი მიაწოდა.

"მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. პროექტი ბლექ სი პეტროლიუმს ეკუთვნის. ქარხნის მშენებლობა დააფინანსა სამთავრობო საინვესტიციო ფონდმა - საქართველოს განვითარების ფონდმა. ასევე დამფინანსებლები იყვნენ ბანკი ქართუ, ბაზისბანკი და ხალიკბანკი.

კომენტარები