რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აშშ-ს უკრაინის ტერიტორიის შესახებ წინადადების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი მტკიცებით, რუსეთმა და აშშ-მ ალასკაში განიხილეს.
ლავროვი ირწმუნება, რომ "ანკორიჯში აშშ-ს წინადადება მიიღეს" და "მზად იყვნენ", თუმცა ახლა აშშ "აღარ არის მზად" და ბაიდენის ადმინისტრაციის ნაბიჯების გაუქმების ნაცვლად რუსეთის წინააღმდეგ ახალ ზომებს იღებს.
ამის შესახებ ლავროვმა TV BRICS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
"ანკორიჯში აშშ-ს წინადადება მივიღეთ. ანუ, ასე რომ მივუდგეთ, კაცურად, მათ შემოგვთავაზეს, ჩვენ დავთანხმდით, პრობლემა უნდა გადაჭრილიყო. [...] მათი წინადადების მიღებით ჩვენ გარკვეულწილად შევასრულეთ უკრაინული საკითხის გადაჭრის დავალება და სრულმასშტაბიან, ფართო, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე უნდა გადავსულიყავით.
თუმცა, პრაქტიკაში საპირისპიროდ გამოიყურება: ახალი სანქციები წესდება; როგორც იცით, საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის დარღვევით ღია წყლებში ტანკერების წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს; ცდილობენ, რომ ინდოეთსა და სხვა ჩვენს პარტნიორებს იაფი, ხელმისაწვდომი რუსული ენერგიის შესყიდვაში ხელი შეუშალონ; ევროპაში დიდი ხანია აკრძალეს, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ყიდვას აიძულებენ მეტისმეტად მაღალ ფასად". - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ტრამპის მხრიდან ბაიდენის კრიტიკის მიუხედავად, მას წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ გაუუქმებია. ლავროვი ასახელებს აღმასრულებელ განკარგულება 14024-ს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოიაზრებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ხაზს უსვამს, რომ ტრამპმა არა მხოლოდ განაახლა ძველი განკარგულება, არამედ ახალი სანქციებიც შემოიღო.
"ამის მიუხედავად, მშვიდად განაახლეს კანონი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებას განაგრძობს. ЛУКОЙЛ-ის, როსნეფტის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს - ამასთან, ეს შემოდგომაზე გააკეთეს, ანკორიჯში პუტინისა და ტრამპის ძალიან კარგი შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში". - თქვა ლავროვმა.
გარდა ამისა, ლავროვის მტკიცებით, რუსული მხარე "ეკონომიკის სფეროში ვერანაირ ნათელ მომავალს ვერ ხედავს", რადგან ამერიკელებმა "მსოფლიო ეკონომიკაში დომინაცია" დაისახეს მიზნად და "საკმაოდ დიდი ოდენობით იძულებით ზომებს იყენებენ", მათ შორის, "ტარიფებს, სანქციების, პირდაპირ აკრძალვებს" და ზოგ ქვეყანას რუსეთთან კომუნიკაციასაც კი უკრძალავენ.
"ამერიკელებს ყველა მოწინავე ქვეყნის, ყველა კონტინენტის ენერგიით მომარაგების ყველა მარშრუტის წაღება სურთ, მათ შორის, ევროპის კონტინენტზე თვალი უჭირავთ "ჩრდილოეთის ნაკადებზე", რომლებიც, როგორც იცით, სამი წლის წინ არის აფეთქებული, ასევე თვალი უჭირავთ უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე, ასევე თვალი უჭირავთ "თურქულ ნაკადს"". - თქვა ლავროვმა.
Kyiv Independent-თან საუბრისას ამერიკულმა წყარომ თქვა, რომ ვაშინგტონი "არ ცდილობს, რომ უკრაინას რაიმენაირი ტერიტორიული დათმობა აიძულოს" და დაამატა, რომ "სამშვიდობო შეთანხმებას ორივე მხარე უნდა დათანხმდეს, თუმცა სამშვიდობო შეთანხმების შიგთავსი რუსეთმა და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ".





