აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ინდოეთსა და აშშ-ს ინდოეთის მიერ ვენესუელური ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით "შეთანხმების ცნება" უკვე აქვს და დაამატა, რომ ვენესუელური ნავთობის ყიდვა ჩინეთსაც შეუძლია.
ამის შესახებ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებს ელაპარაკა.
"მივესალმებით, რომ ჩინეთი მოვიდეს და ეს ნავთობთან დაკავშირებით დიდებული შეთანხმება იქნებოდა. ინდოეთი მოდის და ვენესუელურ ნავთობს იყიდიან, იმის ნაცვლად, რომ ირანისგან ყიდულობდნენ. ასე რომ, ჩვენ უკვე გვაქვს ამაზე შეთანხმება, შეთანხმების ცნება. თუმცა, მივესალმებით იმას, რომ ჩინეთი მოვიდეს და ნავთობი იყიდოს". - თქვა ტრამპმა.
მანამდე, 30 იანვარს გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ინდოეთს შესაძლოა ვენესუელური ნავთობის შესყიდვა გაეგრძელებინა, რათა ქვეყანაში იმპორტირებული რუსული ნავთობი ვენესუელური ნავთობით ჩაენაცვლებინა
შეგახსენებთ, რომ ვენესუელის პარლამენტმა საბოლოო კენჭისყრით დაამტკიცა ქვეყნის ნავთობის კანონის ფართომასშტაბური რეფორმა, რომელიც ნავთობისა და გაზის წარმოების ზრდას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.
რეფორმა ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, ნავთობის სამინისტროს უფლებამოსილების გაფართოებას, კერძო მწარმოებლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებასა და აქტივების გადაცემისა და ნავთობის სექტორში აუთსორსინგის დაშვებას.
ცნობისთვის, აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდურ პროდუქციაზე საიმპორტო ტარიფი გააორმაგა და მიმდინარე წლის აგვისტოში ნიუ-დელის დამატებით 25%-იანი ტარიფი დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამ თანხით ინდოეთი უკრაინაში რუსეთის ომს ირიბად აფინანსებს.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ინდოეთი ფასდაკლებული რუსული ნავთობის ერთ-ერთი უდიდეს იმპორტიორი გახდა. თუმცა, ინდოეთის მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვას დასავლეთის სახელმწიფოებისგან კრიტიკა მოჰყვა.





