ევროკავშირის ქვეყნებმა 2027 წლიდან რუსეთის გაზის იმპორტის სრული აკრძალვა დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა ბლოკის ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო გახდება.
გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტს 2026 წლის ბოლომდე შეწყვეტს, მილსადენით მიწოდებულ გაზზე კი უარს 2027 წლის 30 სექტემბრიდან იტყვის.
აკრძალვა ძალაში შევა რეგულაციის გამოქვეყნებიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებული კონტრაქტებისთვის კი გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს.
ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, გაზის იმპორტზე ნებართვის გაცემამდე, ვალდებულნი იქნებიან, გადაამოწმონ ქვეყანა, სადაც გაზი იქნა წარმოებული.
ახალი წესების შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას: მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, ან კომპანიის მთლიანი წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5%, ან სავარაუდო ტრანზაქციის ბრუნვის 300%.
ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ეს რეგულაცია მნიშვნელოვანი ეტაპია REPowerEU-ის მიზნის მისაღწევად, რაც რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულების დასრულებას გულისხმობს.
ამავდროულად, ევროკომისია ასევე გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას 2027 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ სლოვაკეთი და უნგრეთი, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად ევროპული საბჭოს წევრების ხმების უმრავლესობა საკმარისი იყო. უნგრეთი გეგმავს, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივროს.





