გიგა ავალიანის საქმე

ავალიანის ოჯახის ადვოკატი დაკავებული არასრულწლოვნისთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი, დარეჯან სულაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ბრალის დამძიმებას ეხმიანება.

ადვოკატის განცხადებით, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია, ამის გამო იგი ხსნის, რატომაა სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა. 

სულაშვილი განმარტავს, რომ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში დ.ჩ-ს მონაწილეობა მისი ჩვენებითაც დასტურდება, გ.რ-სთან მიმოწერითაც და ანძებითაც.

"დანაშაულის დაგეგმვა და დანაშაულის მომზადება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინია!!!

გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-ისთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან არასრულწლოვნის დედა, ქალბატონი სოფო ძნელაძე მისი შვილის მიმართ ბრალს წარმოგვიდგენს ასეთი ფაბულით - დ.ჩ. გაყვა ძმაკაცებს ვიღაცასთან დასალაპარაკებლად 29 სექტემბერს და იმ დროს დანაშაული არ მომხდარა. ამ ჭრილში მისი კითხვა - რატომ უნდა აგოს დ.ჩ-მ პასუხი ჩაუდენელ დანაშაულზე - ვინმეს შესაძლოა ლოგიკურადაც მოეჩვენოს. ამიტომაც, მინდა საზოგადოებას განვუმარტო:

დანაშაულს აქვს სტადიები. მათ შორის მომზადების სტადია (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი).

დანაშაულის მომზადება სისხლის სამართლის ენით ითვლება დაუმთავრებელ დანაშაულად და ნიშნავს დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნას.

გიგა ავალიანის მიმართ დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნაა მასზე 29 სექტემბერს, 30 სექტემბერს და 01 ოქტომბერს ჩასაფრება (დანაშაულის დასრულებამდე).

29 სექტემბერს დ.ჩ. ნამდვილად იმყოფებოდა თემქაზე გიგა ავალიანის სასწავლო ცენტრთან და მის მეგობრებთან ა.გ-სთან და გ.რ-სთან ერთად, რომლებიც გიგა ავალიანის ცენტრიდან გამოსვლას ელოდებოდნენ მასზე თავდასხმის მიზნით (ა.გ-სა გ.რ-ს მიმართ უტყუარად დასტურდებდა, რომ ეს ანგარიშსწორების განზრახვა არსებობდა).

რაც შეეხება იმ ნაწილს, იცოდა თუ არა დ.ჩ-მ, რა დანაშაულის ჩადენას აპირებდნენ გ.რ. და ა.გ, როცა მას 29 სექტემბერს თემქაზე გაყოლა სთხოვეს, ეს ცხადი გახდება სასამართლო პროცესზე შესაბამისი პირების, მათ შორის გ.რ-ს და ა.გ-ს გამოკითხვებით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.’

მოცემულ მომენტში კი თუ დ.ჩ-სთვის წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას მივყვებით, იშიფრება ასე: განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა, რაც, ზემოთ როგორც უკვე განგიმარტეთ, აშკარად სახეზეა." - წერს სულაშვილი სოციალურ ქსელში. 

ახალგაზრდა მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.

"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.

გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.

ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.  17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.

კომენტარები