მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა. ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის ადვოკატის განცხადებით, ითხოვენ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას.
"ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას. [...] ამ ადამიანის გადადგომას რომ ვითხოვთ, ჭორვილაში რომ ზის მთავარი გენერალური პროკურორი, იმან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მოვედით სუფთა ადამიანები, აპოლიტიკურები. მოვედით იმიტომ, რომ დავდგეთ შვილმოკლული დედის გვერდით.
ჩვენ მოქალაქეებმა, ეს კაცთმოძულე პროკურორი უნდა გადავაგდოთ. კაცთმოძულე, რომელიც შვილმოკლულ დედას მეორე უბედურებაში აგდევს - შვილმოკლულ დედას საკუთარი შვილის საქმის სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ აძლევს. [...] მიიღეთ ზომები, თუ არა და 17-ში ქალბატონი ეკა დაიწყებს შიმშილობას - 1 დღე ვიშიმშილებთ ყველა. ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ეს კაცთმოძულე პროკურორი არ მოშორდება აქედან. გაიმართება აქცია". - თქვა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 4 არასრულწლოვანი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის."
ახალგაზრდა მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.





