უკრაინის საგარეო მინისტრთან, ანდრიი სიბიჰასთან შესახვედრად ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩასულმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ, 12 იანვარს განაცხადა, რომ ნორვეგია უკრაინას $400 მილიონის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რაც ენერგო სექტორის აღდგენასა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას მოხმარდება.
კიევში ყოფნისას ეიდემ განაცხადა, რომ "ინფრასტრუქტურა, რომელიც უბრალო უკრაინელებს ელექტროენერგიით ამარაგებს, კვირაში რამდენჯერმე რუსეთის თავდასხმის სამიზნე ხდება."
"იმის უზრუნველყოფა, რომ ხალხმა თბილად ყოფნა, საკვების მომზადება და შედარებით ნორმალურად ცხოვრება შეძლონ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმის ხელშესაწყობად, რომ მათ ამ ომს გაუძლონ - ომს, რომელშიც ისინი ყველა ჩვენგანის სახელით იბრძვიან." - დაამატა მან.
ნორვეგიის საგარეო მინისტრის თქმით, თანხის ნაწილი გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება, მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების შეკეთებას, ისევე როგორც მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეების ხელფასების დაფარვას.
ხოლო ნორვეგიის მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, დარჩენილი თანხა უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენება.
თავის მხრივ, გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიას X-ზე მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დახმარება "ძალიან მნიშვნელოვანია და რეალურ მხარდაჭერას გაუწევს" უკრაინელ ხალხს.
ზელენსკის თქმით, ნორვეგიის საგარეო მინისტრთან საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საბრძოლო შეიარაღების ერთობლივი წარმოების საკითხი და სხვა პროექტები სამხედრო თანამშრომლობის სფეროში.





