რუსეთი-საქართველო

ვოდოლაცკი: რუსეთის მოქალაქეებს აბრუნებენ, ვიმსჯელებთ, რათა კობახიძე პრობლემას ჩაუღრმავდეს

TASS

რუსეთის დუმის დეპუტატის, დუმაში დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვიქტორ ვოდოლაცკის თქმით, "ყირიმის, დონბასისა და ნოვოროსიის ტერიტორიაზე" დაბადებული რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმა "ყველა პრინციპის დარღვევაა" და იმსჯელებენ, ვინ არის დამნაშავე, რათა ირაკლი კობახიძე პრობლემას ჩაუღრმავდეს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო "რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ცდილობს". 

ამის შესახებ ვოდოლაცკიმ რუსულ სამთავრობო მედიასთან, ТАСС-თან ისაუბრა

"რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც ყირიმის, დონბასისა და ნოვოროსიის ტერიტორიაზე არიან დაბადებულები, საქართველო–რუსეთის საზღვარზე საქართველოს რესპუბლიკის მესაზღვრეებმა ე.წ. დაბადების ნიშნით გენოციდი მოუწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დიდი ხნის წინად დაიბადე და შემდეგ გადასახლდი, ნებისმიერ შემთხვევაში, უკან გაბრუნებენ. მიმაჩნია, რომ ეს ყველა პრინციპის დარღვევაა - დაბადების ადგილის ნიშნით ადამიანს იმ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავენ, რომელიც დღეს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, ვინ არის დამნაშავე, რათა ირაკლი კობახიძე ჩაუღრმავდეს ამ პრობლემას". - თქვა ვოდოლაცკიმ. 

ვოდოლაცკიმ გამოცემასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის რიგი დეპუტატები მოსკოვში ჩადიან და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ. მისივე თქმით, "მრავალი მიმართულებით" კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის "ეს პრეცედენტი" მიუთითებს, რომ ძალოვან სტრუქტურებში "კვლავ არსებობენ ისეთი ადამიანები", რომლებსაც რუსეთთან "კეთილმეზობლური ურთიერთობების" აღდგენა არ სურთ.

"არსებობს საქართველოს პარლამენტი იმ დეპუტატებით, რომლებიც მოსკოვში ჩამოდიან, რომლებიც იმ ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ, რომელიც, მათი აზრით, საჭიროა როგორც ქართველი, ისევე რუსი ხალხისთვის. მრავალი მიმართულებით ჩვენ თანამშრომლობა და კონტაქტები უკვე გამოგვივიდა. თუმცა, საახალწლოდ ეს პრეცედენტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძოდ კი ძალოვან სტრუქტურებში კვლავ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები აღდგეს". - თქვა ვოდოლაცკიმ. 

ცნობისთვის, 31 დეკემბერს თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდა, აეწონ-დაეწონათ შესაძლო რისკები, რომლებიც საქართველოში შესვლასთან არის დაკავშირებული.

"ბოლო პერიოდში, გახშირდა საქართველოში შესვლაზე უარის თქმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც პასპორტში დაბადების ადგილად უწერიათ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა, აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონები. 

არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა გაურკვევლობას ქმნის რუსეთის მოქალაქეების გეგმებში, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობას გეგმავენ, კარგად დაფიქრდნენ ყველა გარემოებაზე და შესაძლო რისკებზე" – წერია განცხადებაში.

კომენტარები