რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: პუტინმა მითხრა, რომ მას თავს დაესხნენ... ამას გავარკვევთ, შეიძლება, ეს არც მომხდარა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ "მას თავს დაესხნენ".

ტრამპმა დაამატა, რომ აშშ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა პუტინის რეზიდენციას თავს დაესხა, შეისწავლიდა - "შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა".

"მე ეს არ მომწონს. ეს კარგი არ არის. ამის შესახებ დღეს დილით გავიგე. იცით ვინ მითხრა ამის შესახებ? პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა. დილით ადრე მან მითხრა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის.

არ დაგავიწყდეთ, თქვენ იცით, რომ Tomahawk-ები მე შევაჩერე. მე ეს არ მინდოდა…

ეს დროის ძალიან დელიკატური პერიოდია. ახლა ამისთვის სწორი დრო არ არის. ერთია, რომ შეტევაზე იყო, რადგან ისინიც შეტევაზე არიან. [თუმცა,] მის სახლზე იერიში სულ სხვაა. ახლა ამის გაკეთება სწორი არ არის და ამას ვერ გააკეთებ. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტ პუტინისგან შევიტყვე. ძალიან გავბრაზდი ამის გამო" - ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რუსეთის მიერ პუტინის რეზიდენციაზე მიტანილი იერიშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის ეხებოდა.

ამის შედეგ ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ადასტურებდა თუ არა აშშ-ს სადაზვერო მონაცემები უკრაინის მიერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმას, რაზეც ტრამპმა თქვა:

"ჩვენ გავარკვევთ… შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა - ალბათ, ესეც შესაძლებელია. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით მითხრა, რომ ეს მოხდა".

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიშის მიტანის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება უარყო.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული შედეგების ჩასაშლელად, ცრუ ამბავს იგონებდა.

კომენტარები