უკრაინულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ "გადაარჩინე უკრაინა" რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 18 ბავშვი დააბრუნა.
როგორც ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, ბავშვები, რომელთა ასაკიც 2-დან 17 წლამდე მერყეობს, უკვე უსაფრთხო გარემოში არიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებული 18 ბავშვის ნაწილი ხერსონის ოლქის იმ მონაკვეთებიდან გადმოიყვანეს, რომელიც დღემდე რუსების კონტროლქვეშაა.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ოლექსანდრ ტოლოკონიკოვის თქმით, ბავშვები ოკუპაციის პერიოდში მუდმივ ზეწოლასა და საფრთხეებს აწყდებოდნენ, მათ შორის, იძულებით რუსულ სკოლებში შეყვანის მცდელობებსა და პროპაგანდისტული “აღზრდის მეთოდების” სახით.
"გადაარჩინე უკრაინის" მონაცემებით, მათმა ორგანიზაციამ რუსული ოკუპაციისგან უკვე 1 000-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა, თუმცა ათასობით მათგანი დახმარებას კვლავ ელოდება.





