აშშ-ჩინეთი

სიმ ტრამპს უთხრა, რომ ტაივანის დაბრუნება მსოფლიო წესრიგისთვის გადამწყვეტია – Xinhua

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი

ჩინური სამთავრობო მედიის, Xinhua-ს ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა 24 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ტაივანის "ჩინეთისთვის დაბრუნება" გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგისთვის.

"ჩინეთი და აშშ ერთ დროს გვერდიგვერდ იბრძოდნენ ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ და ახლა ერთად უნდა იმუშაონ მეორე მსოფლიო ომის შედეგების დასაცავად," ციტირებს სის Xinhua.

"ფაქტები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამშრომლობას ორივე მხარისთვის სარგებელი მოაქვს, ხოლო დაპირისპირება ორივეს ზიანს აყენებს," უთხრა ჩინეთის პრეზიდენტმა ტრამპს. მან აშშ-ს პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის პოზიტიური მიმართულების შენარჩუნებისა და თანამშრომლობის გაფართოებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტთან ზარის შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ სისთან "ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი" ჰქონდა და მასთან სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, უკრაინა-რუსეთი, ფენტანილი, სოია და სხვა ფერმის პროდუქტები, განიხილა.

ტრამპის თქმით, სი ძინფინგმა აპრილში პეკინშიც მიიწვია, რაზეც იგი დათანხმდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ჩინეთში მიწვევის პასუხად მან სი ძინფინგი "მიმდინარე წელს" ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

კომენტარები