გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ლა-მანშის სრუტეში რუსეთის ორი საბრძოლო ხომალდი შენიშნა.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მყოფი კორვეტი Стойкий და ტანკერი Е́льня დუვრის სრუტის გავლით დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ გაერთიანებული სამეფოს ოფშორული საპატრულო ხომალდი HMS Severn მეთვალყურეობდა.
BBC-ის ინფორმაციით, ხომალდებისთვის გზის თავდაპირველი გადაჭრის შემდეგ, HMS Severn-მა რუსულ გემებზე მეთვალყურეობის მოვალეობა NATO-ს სხვა მოკავშირეს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან გადააბარა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, Severn რუსულ ხომალდებზე “დისტანციიდან დაკვირვებას” განაგრძობდა და “ნებისმიერი მოულოდნელი აქტივობის” შემთხვევაში პასუხის გასაცემად მზად იყვნენ.
გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნების ცნობით, ასეთი მზადყოფნა ქვეყნის ტერიტორიასთან ახლოს რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოქმედებებით არის გამოწვეული, ამასთან, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ასეთი აქტივობები 30%-ით გაიზარდა.
მანამდე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-სადაზვერვო ხომალდმა, სახელად Yantar-მა, სამეფოს საჰაერო ძალების (RAF) პილოტებს პირველად მიმართა ლაზერები.
ჰილის მიხედვით, გაერთიანებულმა სამეფომ ახლომდებარე წყლებში რუსული ხომალდის გამოჩენის შემდეგ ქვეყნის საჰაერო ძალების თვითმფრინავები და საზღვაო ფრეგატი გაგზავნა. თავდაცვის მინისტრის თქმით, Yantar-ის ძირითადი დანიშნულება სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და გაერთიანებული სამეფოს წყალქვეშა კაბელების ლოკაციის განსაზღვრაა.
თავდაცვის მინისტრმა Yantar-ის მხრიდან გაერთიანებული სამეფოს პილოტებისთვის ლაზერების დამიზნება "უკიდურესად საშიშ" მოქმედებად შეაფასა და თქვა, რომ მთავრობამ ეს "განსაკუთრებული სერიოზულობით" მიიღო.
"ჩემი გზავნილი რუსეთისა და პუტინისთვის შემდეგია: ჩვენ გხედავთ. ვიცით, რასაც აკეთებთ და თუ Yantar ამ კვირაში სამხრეთისკენ განაგრძობს სვლას, ჩვენ მზად ვართ." - თქვა მინისტრმა 20 ნოემბერს.





